Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

ნარჩენების მარვის თანამედროვე ტექნოლოგიები

მთელს მსოფლიოში, მოსახლეობის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ნარჩენების მართვის პრობლემა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები ათეულობით წლებია ცდილობენ ამ პრობლემის გადაწყვეტას და ნარჩენების მართვის სფეროში მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობენ. რამდენიმე წლის წინ, კერძოდ 2005 წელს, იაპონიაში ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია  3R-ის ინიციატივის დანერგვასთან დაკავშირებით. მომდევნო წლის მარტში (2006 წელი) ქ.ტოკიოში,  შეიკრიბა  მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი 3R-ის ინიციატივის განსახილველად. შეხვედრაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს და დაინტერესებულ მხარეებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ 3R-ის ინიციატივის  დანერგვას ადგილობრივ,  რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, ასევე მის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

დღეისათვის 3R-ის ინიციატივის საფუძვლად უდევს ნარჩენების მართვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს მსოფლიოში. 

ტერმინი - 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი ქმედებისა, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში) პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს. ესენია: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება. 

ნარჩენების შემცირება (Reduce) გულისხმობს, ნაკლების ყიდვას და შესაბამისად ნაკლების მოხმარებას. ნარჩენების შემცირება არის პროცესი ან პოლიტიკა, რომლის დროსაც ხდება ცალკეულ ადამიანთა ან მთლიანად საზოგადოების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის შემცირება. სხვანაირად რომ ვთქვათ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეივიძინოთ ოპტიმალური რაოდენობის როგორც პროდუქტი, ასევე სხვა საქონელი, რითაც თავიდან ავიცილებთ ნარჩენების წარმოქმნას. ნარჩენების შემცირების გარდა, ამ პროცესში ასევე იგულისხმება მოხმარებული ენერგიისა და რესურსების შემცირებაც.

ნარჩენების ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას. ეს შეიძლება იყოს ნივთების იგივე ან სხვა დანიშნულებით გამოყენება. საჭირო და კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთების გაცვლა ან ხელახალი გამოყენება, მათი ტექნოლოგიური გადამუშავების გარეშე ზოგავს დროს, ფულს,  ენერგიას და რესურსებს. ხელახალი გამოყენების კლასიკური მაგალითებია: მინის ბოთლების ჩაბარება საწარმოში სადაც მას ხელახლა იყენებენ პროდუქციის ჩამოსასხმელად, ავტომობილების და მათი ნაწილების ხელახალი გემოყენება, მეორადი ტანსაცმლით სარგებლობა და სხვა.

ნარჩენების რეციკლირება ანუ გადამუშავება (Recycle) ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარი კომპონენტად ითვლება და გულისხმობს გამოყენებული ნივთის ან ნარჩენის ტექნოლოგიურ გადამუშავებას სხვა პროდუქტად. ამ კომპონენტს უდიდესი ყურადღება ექცეოდა საერთაშორისი დონეზე ჯერ კიდევ, 3R-ის ინიციატივის  დანერგვამდე. რეციკლირების შედეგად მცირდება ნედლი მასალის ან რესურსის მოხმარება, რაც თავის მხრივ ზოგავს ენერგიას, ამცირებს ჰაერის და წყლის დაბინძურებას (ნაგავსაყრელებიდან) და ა.შ. დღეისათვის ფართოდ მოხმარებული ნივთების უმეტესობა გადამუშავებას ექვემდებარება. 2003 წელს ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ავალდებულებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში რეცილკირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი,  მუყაო,  მინა,  ქაღალდი,  პლასტმასი,  ფოლადი,  ხის ნაკეთობა.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ლიტერატურაში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ტერმინი 4R. რაც გულისხმობს მეოთხე პრინციპს - შეცვლას (Replace), რომელიც მოგვიწოდებს შევცვალოთ ცელოფნის პაკეტები ქაღალდით, პლასტმასის ბოთლები და ჭურჭელი- მინის ჭურჭლით, არ გამოვიყენოთ ერთჯერადი მოხმარების საგნები და ა.შ.

სამწუხაროდ, 3R-ის ინიციატივის  წარმატებით შესრულების დროსაც კი რჩება ისეთი ნარჩენები, რომლებსაც ვერც გადავამუშავებთ და ვერც ხელახლა გამოვიყენებთ. ამიტომ ნარჩენების მართვაში 3R-ის  გარდა დამატებითი კომპონენტებიც არსებობს. ყველა ეს კომპონენტი ერთად აღებული ქმნის ე.წ. “ნარჩენების იერარქიას”, რომლის საფუძველი მაინც 3R-ის ინიციატივაა.

,,ნარჩენების იერარქიის” მთავარი ამოცანაა, ნარჩენების მართვის შედეგად ადამიანებმა მაქსიმალური პრაქტიკული სარგებელი მივიღოთ და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს.დღეისათვის ნარჩენების იერარქიის ევროპული მოდელი 5 ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: 1. შემცირება; 2. ხელახალი გამოყენება; 3. გადამუშავება; 4. ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად და 5. ნარჩენების განთავსება.

ნარჩენების იერარქიის მეოთხე კომპონენტია ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად (Energy Recovery), რომელიც გულისხმობს სპეციალური ტექნოლოგიების მეშვეობით ნარჩენების თერმულ დამუშავებას/დაწვას, რომლის დროსაც წარმოიქმნება სასარგებლო ენერგია. დღეისათვის მიჩნეულია, რომ ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად  ნარჩენების მართვის ინტეგრირებული მეთოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, თუმცა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ის მაინც ნაკლებად სასურველ კომპონენტად ითვლება.

ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის საუკეთესო მაგალითია ნაგავსაყრელებიდან გამომუშავებული ენერგია,  რომელიც დასახლებული პუნქტების ცეტრალური გათბობისათვის და ელექტრო-ენერგიის მისაღებად შეიძლება გამოიყენოთ. მსგავსი ქმედებები რეგულირდება შესაბამისი კანონით.

უნდა აღინიშნოს რომ, ბევრ ქვეყანაში ნარჩენების თერმული დამუშავება ან დაწვა კანონით იკრძალება,  თუკი ამის შედეგად არ გამომუშავდება სასარგებლო ენერგია. ნარჩენების იერარქიის მეხუთე კომპონენტი - ნარჩენების განთავსება (Disposal) გულისხმობს ნარჩენების კანონიერ და კონტროლირებად განთავსებას მიწის ზედაპირზე.

ხშირ შემთხვევაში ხდება ნარჩენების დამარხვა, რაც არასწორი ტექნოლოგიების შემთხვევაში მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო ნაგავსაყრელის მოწყობა დიდ  ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ზოგადად მიჩნეულია,  რომ ნაგავსაყრელებზე მხოლოდ იმ სახის ნარჩენი უნდა განთავსდეს რომლის გადამუშავება არანაირი სახით არ არის შესაძლებელი. ნაგავსაყრელზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების გრძელვადიანი და საიმედო დაცვა. მისი ოპერირება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში.

ნარჩენების იერარქიის მოდელს ამობრუნებული  პირამიდის სახით გამოსახავენ. პირამიდის თავში მოთავსებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი ქმედება - შემცირება, შემდეგ მეორე პრიორიტეტი - ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და ა.შ. ნარჩენების მდგრადი მართვის მოდელი სქემატურად ასე გამოისახება.

ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მთავრობისა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს. თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების მართვის სხვადასხვა წარმატებული სქემა არსებობს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებსაც თითქმის ყველა სქემა ითვალისწინებს. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია შემუშავდეს ნარჩენების მართვის ეფექტური გეგმა. რომელიც თავის მხრივ, სამოქმედო გეგმისაგან შედგება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ნარჩენების მართვის გეგმის სწორად შემუშავებაზეა დამოკიდებული შემდგომში ნარჩენების მდგრადი მართვა.

ევროკავშირის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით არსებობს ეროვნული, რეგიონული და ადგილიბრივი მართვის გეგმები. ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა უფრო მეტად სტრატეგიული ხასიათისაა, მაშინ როდესაც რეგიონული და ადგილიბრივი მართვის გეგმები მთლიანად ქმედებებზეა ორიენტირებული და დეტალურად ასახავს ნარჩენების შეგროვების, გატანის, განთავსების, გადამუშავების და სხვა ქმედებების ტექნოლოგიებს და ვადებს. ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დაინტერესებული მხარეების თანამონაწილოებას. აუცილებელია ჩატარდეს ფართო მასშტაბიანი საჯარო განხილვები და კონსულტაციები.





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up